понедельник, 30 декабря 2019 г.

წისქვილი

საუკუნოვანი წისქვილი


ამ უძველეს წისქვილს „შამუგიას წისქვილის“ სახელით მოიხსენიებენ. ის სოფელ კოკში ადგილობრივმა მაქსიმე შამუგიამ თანასოფლელების დახმარებით 120 წლის წინ ააგო. წყლის წისქვილი, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში 100-120 ფუთზე( ერთი ფუთი უდრის 16,38 კილოგრამს) მეტს სიმინდს ფქვავდა, მოსახლეობას დღესაც ემსახურება. ოდნავ სახეცვლილ წისქვილს ახლა ზაქრო გაბედავა ხელმძღვანელობს. როგორც აღმოჩნდა მის გასაღებს მეზობლები მონაცვლეობით ფლობენ. სოფელმა ამ დრომდე შენობის რამდენიმე ნაწილი და წისქვილის ქვა-დოლაბი შემოინახა.
„შუა ზამთარში ყინვასა და თოვლში მდინარეში ჩასულა და იქიდან ამოუტანია ეს ქვა. დიდი ძალისხმევა სჭიდებოდა ამ ქვის რაჭიდან აქ მოტანას. მაქსიმე შამუგიამ ამოთხარა წისქვილის საძირკველიც, მას ამ საქმეში კიდევ ორი ადგილობრივი ეხმარებოდა. მის აშენებას, დაახლოებით, 3-4 თვე მოანდომეს. მასზე პასუხისმგებლობა 11 ოჯახს აუღია. მათ ჰქონდათ გასაღები და მორიგებით ებარათ ის. ასე ემსახურებოდა წისქვილი სოფელს და არამარტო ამ სოფელს. აფხაზეთის ნაწილსაც.... ომი, რომ დაიწყო და ელექტოენერგია არსად არ იყო აქ თითქმის მთელი რეგიონიდან მოდიოდნენ დასაფქვავად. წისქვილში სიმინდი არ ეტეოდა და ჩემს სახლში ინახავდნენ. ამ წისქვილმა ბევრი ოჯახი შიმშილს გადაარჩინა“, - ამბობს ის. ველოდი ჭკადუა, რომელიც წისქვილის გასაღებს შემდგომ კვირას ჩაიბარებს, ამბობს, რომ ეს ადგილი წისქვილისთვის იდეალურია, რადგან წყალი, რომელიც საბრუნავ მექანიზმს ამუშავებს არასოდეს შრება. თავის დროზე ეს ღარი მათ წინაპრებს ენგურის ერთ-ერთი ტოტიდან გამოუყვანიათ. ის წუხს, რომ ვერ გვაჩვენებს, თუ როგორ ფქვავს მათი წისქვილი დღესაც...
დროთა განმავლობაში წისქვილის რეკონსტრუქციისას ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ორი კედელი უცვლელი დარჩა, სადაც მოსახლეობა წინაპრების მიერ დატოვებულ მინაწერებს ინახავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ 200-მდე სახელი და გვარია ამოტვიფრული, მათ შორის ორი მსოფლიო ომის მონაწილეა, რომელებიც ბრძოლის ველზე დაიღუპნენ.
„ვინ დათვლის აქ რამდენი სახელი და გვარი ეწერა. ყველა განსაკუთრებულია და საკუთარ ისტორიას ინახავს. ბევრი რამ შეიცვალა, ახლაც ბევრია შესაცვლელი, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს“, - ამბობენ ადგილობრივები. საუკუნოვანი წყლის წისქვილის პირვანდელი სახის აღდგენას ითხოვს მოსახლეობის ნაწილი. კოკის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლელებლი შაქრო ნარმანია ამბობს, რომ აღდგენას გარკვეული თანხა სჭირდება. „იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც მის აღდგენაში დაგვეხმარება. ეს არის უნიკალური წისქვილი და არ უნდა განადგურდეს. აქაურობა ბევრ ისტორიას და მოგონებას ინახავს“, - თქვა ნარმანიამ.
საქართველოში აღმოჩენილი უძველესი საფქვავი დარბაზი კი ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნით თარიღდება, სადაც სპეციალურ დაზგაზე გამართული იყო რამდენიმე ათეული ხელის სასრესელა.
ავტორი: თეა შონია

Комментариев нет:

Отправить комментарий