понедельник, 30 декабря 2019 г.

წისქვილი


რეტრო >
30.05.19
სოფიო ებრალიძე
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერმაკოვის კოლექცია
წისქვილი
საუკუნეების განმავლობაში თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში მდინარეზე მოწყობილი წყლის წისქვილები მოსახლეობისთვის მარცვლეულის დაფქვასა და გაცრას უზრუნველყოფდა. საქართველოში გავრცელებული იყო ორი ტიპის წყლის წისქვილი: ჰორიზონტალურბორბლიანი და ვერტიკალურბორბლიანი. რეგიონებში, ძირითადად, ჰორიზონტალურბორბლიანი წისქვილები გვხვდებოდა. იშვიათობა გახლდათ ვერტიკალურბორბლიანი ტივ-წისქვილები, რომლებიც XIX საუკუნის მიწურულს თბილისში, მდინარე მტკვარზე ძველ აბანოებთან, რიყეზე, გარეთუბანში, ჩუღურეთისა და ვანქის უბნებში იყო გამართული. ასეთი ტიპის მობილური წისქვილი საინტერესო კონსტრუქციით გამოირჩეოდა. ის შედგებოდა ორნავიანი ბორნისგან, რომელზეც იდგა წისქვილი. უზარმაზარფრთებიანი ბორბლის ღერძს ერთმანეთისგან დაშორებული ნავები იმაგრებდნენ. ბორბალს მტკვრის დინება ატრიალებდა. იმისთვის, რომ წისქვილი მდინარის დინებას არ გაეტაცა, იგი ჯაჭვებით ან ბაგირებით ნაპირზე მაგრდებოდა. წისქვილის მუშაობა მდინარის წყლის დონეზე იყო დამოკიდებული, რომელიც ჯაჭვის დაჭიმვით ან მოშვებით რეგულირდებოდა.
XX საუკუნის დასაწყისში, ტექნიკური პროგრესის წყალობით, ტივ-წისქვილები თანდათან ორთქლის ძრავაზე მომუშავე წისქვილებით ჩანაცვლდა. დიდბორბლიანმა წყლის წისქვილებმა საბოლოოდ XX საუკუნის 30-იან წლებში, საბჭოთა ეპოქაში შეწყვიტა არსებობა. ისინი მდინარე მტკვრის სანაპიროების, ჯებირების კეთილმოწყობასა და ახალი ხიდების მშენებლობას შეეწირა.

Комментариев нет:

Отправить комментарий